ზეთი 21.2%-ით, პური 32.8%-ით, კვერცხი და ყველი 23.3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.8%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 11.5% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 2 მაჩვენებელი, ასევე, 7.5 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული 7.6% , რძე, ყველი და კვერცხი 4.6%, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 2.3%, ხილი და ყურძენი 2.0%, თევზეული 1.4%.

ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 1.4% და ზეთი და ცხიმი 1.1%.

განათლება: ფასები მომატებულია 7.5%-ით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება 11.6%, დონით განუსაზღვრელი განათლება 8.6%, სკოლამდელი და დაწყებითი განათლება 6.1%.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0%-ით, რაც 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე 3.6%.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.3%-ით, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 1.6%.

წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

– პური და პურპროდუქტები – 32.8%

– რძე, ყველი და კვერცხი – 23.3%

– მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 22.5%

– ზეთი და ცხიმი – 21.2%

– ყავა, ჩაი და კაკაო – 18.9%

– თევზეული – 16.5%

– შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.8%

– ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.8%

– ხილი და ყურძენი + 9.6%

კომენტარები

დატოვე კომენტარი