ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებული მაია ღურწკაიას და ქეთო ტაბაღუას სარჩელი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამგეობას საკონკურსო კომისიის ყველა იმ აქტის ბათილად ცნობა მოსთხოვა, რომელიც ღურწკაიას და ტაბაღუას გასაუბრებას და მათ სამსახურებიდან დათხოვნას ეხება.
მაია ღურწკაიას შემთხვევაში გამგეობას დაევალა ხელახალი გასაუბრების ჩატარება და ახალი აქტის გამოცემა, ამ პროცესის დასრულებამდე კი ღურწკაიას ადგილზე დანიშნული საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მაგდალინა თოდუას საკითხი ღიად რჩება.
რაც შეეხება ქეთო ტაბაღუას, მასთან დაკავშირებით, გამგეობას ასევე ყველა აქტის გაბათილება დაევალა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნა, რომ მისი ხელახალი გასაუბრება და თანამდებობაზე შესაძლო აღდგენა ვერ მოხდება, რადგან კულტურის განყოფილება გაუქმებული და შექმნილია კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება.
ორივე მომჩვანი სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
“ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, მე ბრძოლას ვაგრძელებ და დავიცავ ჩემს უფლებებს”, – აცხადებს ქეთო ტაბაღუა, რომელმაც პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოს წინ საპროტესტო ბანერები გაშალა წარწერით “მოსამართლე ცაცუამ სამართალი მოკლა”.
მაია ღურწკაიას მტკიცებით კი, მოსამართლე ზეწოლის ქვეშ იყო და მსგავსი გადაწყვეტილება ამის გამო მიიღო.
ზუგდიდის გამგეობაში “Newsportal.ge”-ს განუცხადეს, რომ საკითხზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც სასამართლოს გადაწყვეტიულება ოფიციალურად ჩაბარდებათ.