ზუგდიდის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს საატესტაციო კომისიასთან პრეტენზიები აქვთ

ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს საატესტაციო კომისის მიმართ პრეტენზიები აქვთ. ყოფილი საჯარო მოხელეები საატესტაციო კომისიის მხრიდან სხდომის ოქმების გაყალბებაზე საუბრობენ.

ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი უფროსის მაია ღურწკაიას განცხადებით, გამოთავისუფლებულ თანამდებობებზე კადრებს მხოლოდ გასაუბრებით და კონკურსის გვერდის ავლით ნიშნავენ. მისივე მტკიცებით, გამგეობაში ნასამართლევი პირიც არის დასაქმებული.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია ღურწკაიამ განაცხადა, რომ გაყალბებულია იმ სხდომის ოქმებიც, რომლის მიხედვითაც ისინი გაათავლისუფლეს:

„გაყალბებულია იმ სხდომის ოქმები, რომლის შედეგების მიხედვითაც გაგვიშვეს, რადგან პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია არ ესწრებოდა ყველა კონკურსანტის ტესტირებას და გასაუბრებას, თუმცა ოქმში ხელს აწერს. გვაქვს ინფორმაცია, რომ გამგეობაში ნასამართლევი პირი ჰყავთ დასაქმებული. მივმართავთ ცენტრალურ მთავრობას, საჯარო სამსახურის ბიუროს, მიაქციონ ყურადღება უწყებაში მიმდინარე უკანონო პროცესებს”,- აცხადებს მაია ღურწკაია.

ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს გამგეობაში უარყოფენ და აცხადებენ, რომ ყველანაირი პროცედურა კანონის სრული დაცვით ტარდება.

“პროცედურები კანონის სრული დაცვით ტარდება. 2016 წლის 1-ელი ივლისიდან უფლება გვაქვს მხოლოდ ტესტირებით, ან მხოლოდ გასაუბრებით შევარჩიოთ თანამშრომლები. რაც შეეხება ოქმის გაყალბებას, ეს არის სიცრუე, ოქმს ვინც ხელი მოაწერა, ყველა ესწრებოდა სხდომას. ნასამართლევ პირთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ ნამდვილად არ მახსენდება ვინმე ნასამართლევი ჩვენს თანამშრომლებს შორის. ამ ადამიანის მიერ ბრიფინგის გამართვა კი სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლად მიმაჩნია”,- განაცხადა საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა წოწერიამ.

გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა სასამართლოს უკვე მიმართა, ისინი თანამდებობებზე აღდგენას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი