ზუგდიდის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდის ქალაქმშენებლობითი გეგმების პროექტის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა.

უწყების ინფორმაციით, ახალი გენგეგმა ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ქალაქს ისტორიულ ღირებულებასა და მნიშვნელობას და მეორე მხრივ, არ შეაფერხებს მის ბუნებრივ განვითარებას.

„ზუგდიდი დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქია. იგი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვისაც, რაც აჩენს ახალ მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს, ააქტიურებს ეკონომიკურ საქმიანობებს და მშენებლობებს. ქალაქის ინფრასტრუქტურის ქაოტური, უსისტემო განვითარებისაგან დაცვის, ქალაქის მთავარი უბნებისა და ქუჩების არქიტექტურის და იერსახის გაუმჯობესების, სატრანსპორტო ქსელისა და ინფრასტრუქტურის კომპლექსურად მოწესრიგების მიზნით, აუცილებელია შემუშავდეს ქალაქის ახალი ქალაქმშენებლობითი გეგმა.

ქალაქ ზუგდიდის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი 20 აგვისტოს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დასრულდება და დაიწყება შერჩევის პროცესი. შესამუშავებელი გენგეგმის ღირებულება 450 ათას ლარს შეადგენს.

გეგმების შემუშავება დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=315073&lang=ge “, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი