ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ, რომელიც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა, 22 ახალგაზრდას ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს გამართულ კომისიაზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამით 19 ახალგაზრდა დაფინანსდა (სემესტრულად 1500 ლარის ოდენობით).
არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, ფინანსური მხარდაჭერა გაეწია ლიკა ნაჭყებიას. ლიკა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია და ორი თვით მიემგზავრება გერმანიაში, ქემნიცის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირებაზე.
საბუნებისმეტყველო ტექნიკური, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევებისთვის ფულადი ჯილდო გიგი გამსახურდიას და ლუკა კუკავას გადაეცემათ.
ათასწლეულის გამოწვევის 2023 წლის კონკურსის პირველი ადგილი და მთავარი პრიზი – NASA-ს საზაფხულო სკოლაში გამგზავრება – გუნდმა “TerraTech“ მოიპოვა, რომლის წევრები გიგი და ლუკა არიან.
ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება გრძელდება.
პროგრამით გათვალისწინებულია:
ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა – მერის სტიპენდია;
ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა;
არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა;
საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა.