ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველ 25 ოჯახს სახლის სიმბოლური გასაღებები გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების ფარგლებში,  მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, სოციალურად დაუცველ 25 ოჯახს სახლების სიმბოლური გასაღებები  გადასცეს.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს ახალი სახლი აუშენდება, ხოლო წლის ბოლოს საცხოვრებელ ფართს 30-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაში კი 20 ოჯახი ჩაერთო.

პროექტში მონაწილეობის განაცხადი შემოიტანა 210 მოქალაქემ, მათ შორის 132-სახლის მშენებლობაზე, ხოლო 78 – ერთი თბილი ოთახის მოწყობაზე. შესაბამისი კომისიის მიერ ადგილზე გადამოწმდა და განხილულ იქნა ყველა განცხადება, რის შედეგადაც გამოვლინდა გამარჯვებული.

კომისია ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

მიმდინარე წელს პროექტისთვის 700 000 ლარია განკუთვნილი, აქედან 100 000 ლარი „ერთი თბილი ოთახისთვისაა“ გამოყოფილი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015-2017 წლებში 66 სახლი აშენდა

კომენტარები

დატოვე კომენტარი