ზუგდიდის მერმა გაწეული 1 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

მუნიციპალიტეტის მერმა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ანგარიშის წარდგენას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2019-2020 წელს 109 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 73 000 000 ლარი შეადგინა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 19 გზას, აღდგა წყალმომარაგების პროექტის განხორციელების დროს დაზიანებული 50 მდე-გზა. ტენდერი გამოცხადებულია 34 გზის რეაბილიტაციაზე, წლის ბოლომდე აღდგება 60-მდე გზის საფარი. ზუგდიდს მალე 24 – საათიანი წყალმომარაგება ექნება. განახლდა მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი.

ზუგდიდს 15 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი ჰყავს. მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები. წლის ბოლომდე იგეგმება 25 ახალი ავტობუსის შეძენა და გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა. შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელები მოეწყობა, საშეღავათო ტარიფები დაწესდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის. რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტოპარკი ეწყობა.

მუნიციპალიტეტში პირველად 2019 წელს დაინერგა ახალი პროექტი ,,სამოქალაქო ბიუჯეტი“. პროექტის ფარგლებში შემოვიდა 39 საპროექტო წინადადება, აქედან მიმდინარე, წელს 26 პროექტი განხორციელდება დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის, სრულდება 3 კორპუსის მშენებლობა – უახლოეს პერიოდში საცხოვრებელ ბინებს მიიღებს 360 დევნილი ოჯახი. წლის ბოლომდე დასრულდება 600 ბინის მშენებლობა.

ახალგაზრდული პროექტების ფარგლებში, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული სივრცე მოეწყობა.

მუნიციპალიტეტში, ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა. რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზეც, აშენდება ხელოვნურსაფარიანი სტადიონიც. აშენდება 5 ათას მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი.

მუნიციპალიტეტმა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრებ ოჯახებს, 2019 წელს 25 ოჯახს სოციალური სახლი აუშენა, ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში კი ჩაერთო 18 ოჯახი.

მიმდინარე წელს კი 25 სახლი აშენდება, შეიცვალა საცხოვრებელი სახლების დიზანი და გაიზარდა მოცულობა. თავისუფლების ქუჩაზე, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის 20 -ბინიანი კორპუსის მშენებლობაც იგეგმება.

იწყება რუხში, მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრ ,,ჩემი მორდუს“ მშენებლობა. პროექტს საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ ახორციელებს.

სიახლეა ჯანდაცვის პროგრამებშიც. მიმდინარე წელს სამედიცინო დახმარების პროგრამას დაემატა რამდენიმე ახალი ქვეპროგრამა: 18 წლამდე ასაკის ბავშვების სასმენი აპარატის თანადაფინანსება, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია.

გაიხსნა სკრინინგ-ცენტრი. აშენდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აშენდა 5 ახალი ამბულატორია.

ზუგდიდში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო–სამაშველო სამსახურის შენობა გაიხსნა. ასევე ანაკლიაში აშენდა სახანძრო-სამაშველოს შენობა.

ქალაქის იერსახის მოწესრიგებისთვის, მოეწყო ეზოები, საბავშვო მოედანი, დასრულდა ვეტერანთა ხეივანის მოწყობა.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით, ახალი სკოლა შენდება დარჩელში. სრული რეაბილიტაცია უტარდება მე-3 საჯარო სკოლას. 1.5 მილიონი ლარი მოხმარდება სკოლებში სველი წერტილების რეაბილიტაციას.

ახალი საბავშვო ბაღები შენდება ანაკლიაში, ჯუმსა და ლაღიძის ქუჩაზე. წლის ბოლომდე დაიწყება 5 საბავშვო ბაღის მშენებლობა. N1 საბავშო ბაღს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გრძელდება ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობისა და მერის სტიპენდიის პროგრამები. საბავშვო ბაღებში პერსონალს ხელფასები 15-20%-ით გაიზარდა. გაიზარდა კვების დაფინანსების თანხაც. პანდემიის დროს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები გადაეცათ.

ფონდი ქართუს დაფინანსებით მიმდინარეობს შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია. ასევე ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნიკოსეულ სასახლეს.

რეაბილიტირდა რკინიგზის სადგური. ზუგდიდს განახლებული საჭადრაკო სკოლა აქვს.

ტურისტულ სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდება ანაკლია-განმუხური. განმუხურში სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ანაკლიაში მიმდინარეობს კაფე-რესტორნის რეაბილიტაცია. ტურისტებს სრულ მზადყოფნაში ხვდება განმუხურში მდებარე აკვაპარკი. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. წლის ბოლომდე ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს.

ზუგდიდში ტურიზმის განვითარების მიზნით ახალი პროექტი „ეთნო ცენტრი ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება.

მუნიციპალიტეტი აქტიურად იყო ჩართული კორონავირუსის საპრევენციო სამუშაოებში. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით დახმარება გაეწია 10 000-მდე ოჯახს. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო რუხის კლინიკა. ანაკლია-განმუხურში 140-ადგილიანი საკარანტინო სივრცე მოეწყო. თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 24 245 ადამიანს. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა 3500-მდე ნიმუშს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი