ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას უკრაინული დელეგაცია სტუმრობდა. დელეგაციის შემადგენლობაში უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე გეორგი ტუკა და ქალაქ მარიოპოლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შედიოდნენ.
დელეგაციას მასპინძლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ და გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ გაუწიეს.
შეხვედრაზე გოგი რევიამ დეტალურად სამ ძირითად საკითხზე, გამგეობის სოციალურ პროგრამებზე,ზუგდიდის სოციალურ საცხოვრისზე და დევნილთა სტრუქტურებთან გამგეობის ურთიერთობაზე ისაუბრა.
ზუგდიდში მოქმედ სოციალურ საცხოვრისში 7 დევნილი და 7 ადგილობრივი ოჯახი ცხოვრობს, ჯამში 42 ადამიანი. საცხოვრისი კეთილმოწყობილია და ყველანაირი პირობაა შექმნილი ბენეფიციარებისთვის. დელეგაციის წევრებმა აღნიშნული საცხოვრისი დღეს დაათვალიერეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა 12 სოციალურ პროგრამას და 36 ქვეპროგრამას წარმატებით ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი კი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაა, რომელიც გამგეობის ექსკლუზიური პროექტია. მიმდინარე წელს კი კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის ,,ერთი თბილი ოთახისა“ და ,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს განხორციელება დაიწყო, რომელიც ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN)-თან ერთად ხორციელდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობასთან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების კუთხით ერთ-ერთი წამყვანი მუნიციპალიტეტია, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ახორციელებს.
გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრას დანიის ლტოლვილთა საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.