ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” ხელმძღვანელ ბათლომე შელიას პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარუდგინა, რაც ძალადობას გულისხმობს.
საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მასსა და სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც, ზარანდიას მტკიცებით, შელიამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც თავად შელია უარყოფს.
“მოხალისე ბავშვებზე დევნას გადავეფარე და ბრალს მე მიყენებენ… წითელი ჯვრის მოხალისე ბავშვებს რომ დასდევდა ქუჩაში ფეისბუქ პოსტის გამო, დასახმარებლად რომ მივედი, ისევ რომ მოუვარდა და იქ გადავიკვეთეთ, ეგ არ ითვლება… მცემესო პოლიციაში გავარდა, დაზიანების ყალბი დოკუმენტებით “დახუნძლული” და ძალადობაზე საქმე აღძრეს… სამარცხვინოა ეს პატივცემულო ხელისუფლება… ძალიან სამარცხვინო..”, – წერდა ჯერ კიდევ ბრალის წარდგენამდე შელია.
როსტომ ზარანდია ამტკიცებს, რომ პოლიციაში დეპუტატისთვის მას არ უჩივლია და გამოძიება მისი ფეისბუქ-პოსტის, ასევე ვიდეოკამერებიდან ამოღებული მასალების საფუძველზე დაიწყო.
დეპუტატ შელიას ინფორმაციით კი, გამოძიების დაწყების საფუძველი სწორედ ზარანდიას საჩივარი გახდა.
ბათლომე შელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხე ზუგდიდის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.