ზუგდიდის ყოფილმა მერმა და ყოფილმა ვიცე-მერმა საპატიმრო დატოვეს

ზუგდიდის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ და ვიცე-მერმა, გია გულორდავამ საპატიმრო დატოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” გია გულორდავამ განუცხადა, ისინი შინაპატიმრობაში იმყოფებიან.

“ვადაზე ადრე არ დაგვიტოვებია საპატიმრო, ეს დავტოვეთ კანონით რაც იყო გათვალისწინებული, ისე. არც ერთი დღე არ უპატიებიათ”, – აცხადებს გულორდავა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 1-ელ ნოემბერს დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი. ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი სასამართლომ პატიმრობაში 4 თებერვალს დატოვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი