ზუგდიდში უმრავლესობის წევრები, მერობის კანდიდატ გიორგი შენგელიასთან ერთად მოსახლეობას ხვდებიან. უმრავლესობის წევრის თამარ ხულორდავას განმარტებით, ზუგდიდს გიორგი შენგელიას სახით ღირსეული კანდიდატი ჰყავს, რომლის მერის მოადგილეობის დროსაც მუნიციპალიტეტში ბევრი პროექტის განხორციელება დაიწყო.
,,ზუგდიდს ჰყავს ძალიან კარგი კანდიდატი, რომლის მიმართაც დადებითად არის განწყობილი მთელი ზუგდიდი. ის არის ძალიან კარგი მენეჯერი, მისი მერის მოადგილეობის დროს ძალიან ბევრი პროექტი დაიწყო და მიმდინარეობს. სწორედ ეს საზოგადოება 19 მაისს გააკეთებს სწორ არჩევანს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი, რადგან გვყავს უალტერნატივო კანდიდატი“,- აცხადებს ხულორდავა.
უმრავლესობის წევრი, ზუგდიდში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპონენტებს სურთ სხვაგვარი სურათი წარმოაჩინონ და დაძაბულობა შექმნან.
,,ჩვენი ინტერესი არის თავისუფალი, სტაბილური გარემოს შენარჩუნება. ის ძალა, რომელიც რაღაც მანიპულაციებით და პროვოკაციებით ცდილობს, რომ წარმოაჩინოს სხვაგვარი სურათი და შექმნას დაძაბულობის კერები, ალბათ არ არის დარწმუნებული საკუთარ ძალებში და მიაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გზა მისი კანდიდატის წარმატების. მე ვფიქრობ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩვენი აქაური საზოგადოება, მოსახლეობა, საკმაოდ გათვითცნობიერებულია და გარკვეულია იმ ტექნიკაში, რომელსაც პარტიები იყენებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ძალიან კარგი შედეგი“, -განაცხადა თამარ ხულორდავამ.