ზუგდიდში “აჯიკის ფესტივალი” გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდში, წელს პირველად ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებას ,,აჯიკის ფესტივალს“ ჩაეყარა საფუძველი.

ფესტივალში სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ საკუთარი პროდუქცია. პროდუქციას დამთვალიერებელთან ერთად სპეციალური ჟიური აგემოვნებს.

ორდღიანი ღონისძიების ბოლოს გამოვლინდება საუკეთესო გარეკვების (სტრით-ფუდის) ოსტატი, რომელსაც საშუალება მიეცემა წარმოადგინოს საქართველო ბერლინში, ევროპულ ,,სტრით-ფუდ” ფესტივალზე და იასპარეზოს ევროპის თასისთვის.

ფესტივალის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა სახის კულინარიული კლასები, წარმოდგენილია ინტერაქტიული თამაშები, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ განსხვავებული კერძები.

ფესტივალის დასასრულს, სპეციალური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც არიან „კულინარიული ასოციაციის“ თავმჯდომარე მანუელ ფაუნდეს ბარანდა, „ყველის დედოფლად“ წოდებული ანა მიქაძე და გასტრონომიული მკვლევარი დალი ცატავა, გამარჯვებულებს გამოავლენს, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

გამარჯვებული პროდუქტები ჩაეშვება წარმოებაში და გავა ევროპულ ბაზარზე, ახალი გამარჯვებულის გამოვლენამდე.

ფესტივალი დღეს ჯგუფმა „ლაკადამ“ გახსნა, მუსიკალურ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები ლიზა მებონია და სანდრო ფარცვანია.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ბრიტანელი ბიზნესმენი ქეთი მაღლაკელიძე და ნინო ბარათაშვილი (“შაინინას რეცეპტები”).

ფესტივალის მხარდამჭერები არიან:

ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

ბიო-მეურნეობების ხელშემწყობი ორგანიზაცია ,,ელკანა”;

საგამომცემლო სახლი ,,სახე(ლ)ები,”

,,საქართველოს კულინართა ფედერაცია.”

კომენტარები

დატოვე კომენტარი