ზუგდიდში დევნილისთვის ბინის სანაცვლოდ თანხის აღებაზე 1 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ ბრალდებული დაუკავშირდა დევნილს და დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მას ზუგდიდში საცხოვრებელი ფართის დასაკუთრებაში.

აღნიშნული თაღლითური განზრახვით ბრალდებულმა მოქალაქეს 10 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც ის დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი