ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულებიდან ერთი ქალია, ხოლო მეორე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მამაკაცი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ.

ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრები, newportal.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ ჩხრეკა, მათ საცხოვრებელ სახლში და მეზობლად ნათესავის სახლში რამოდენიმე საათის განმავლობაში ერთდროულად მიმდინარეობდა.

ნათესავის ეზოში მდებარე ფარდულში, სამართალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით,  საბრძოლო მასალა ამოიღეს, ხოლო მეორე ბრალდებულიის მანქანიდან 3500 აშშ დოლარი. სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები აწარმოებდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი