ზუგდიდში პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება

ზუგდიდში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა მეოთხე საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე აშენდება.

ბიბლიოთეკის პროექტირების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ქსელის ზუგდიდის ოფისში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა, სადაც არასამთავრობო სექტორის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში 6 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, მუდმივი ან დროებითი საგამოფენო სივრცე, ტურისტებისთვის საინფორმაციო ცენტრი, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის, კაფე და ვერანდა, რომელსაც ხედი დადიანების სასახლისკენ ექნება.

შეხვედრა, რომელსაც ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ესწრებოდნენ, 2 საათის განმავლობაში, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი