ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ორ მოქალაქესთან ერთად დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 16 მარტს ქალაქ ზუგდიდში, პატრულ-ინსპექტორი, 1986 წელს დაბადებული ი.ჭ. და მასთან კავშირში მყოფი მოქალაქეები 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და 1984 წელს დაბადებული ვ.შ. დააკავეს.
“აღნიშნული პირები ლევან მეორე დადიანის ქუჩაზე, ვ.შ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი შეაჩერეს და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები – პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის თანამშრომელს – ი.ჭ.-ს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბი (სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება). ავტომანქანის ჩხრეკისას, წინა მარჯვენა კარის სათავსოში, ასევე, ნანახი და ამოღებული იქნა საინექციოდ გამზადებული ე.წ. „შპრიცი“ – სითხის შიგთავსით.
აღნიშნულის გარდა, მოქალაქე ვ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნანახი და ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ლითონის კონსტრუქციის მჭიდი, ხელყუმბარა და 86 ვაზნა.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ვ.შ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ი.ჭ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი და ვ.ს.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.