ზუგდიდში, რაიონულ პროკურატურასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები პროკურორთან ლევან სალიასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, დგებუაძე უდანაშაულოა.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები წარწერით “თავისუფლება ბესიკ დგებუაძეს”, “პოლიცია იცავს კრიმინალს”.
ბესიკ დგებუაძე 2018 წელს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
დგებუაძეს ბრალი 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.