ზუგდიდში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალი ოფისი გაიხსნა

28 ივლისს ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ზუგდიდში, რუსთაველის N93- ში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა და სკრინინგის პროგრამაში ჩართული ექიმების დაჯილდოება გაიმართა.

,,ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში“ პროექტის ფარგლებში განსაზღვრული აქტივობების წარმატებით განხორციელებისთვის 11 ექიმს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, სს ,,ევექსის ჰოსპიტალები“-ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალსა და შპს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკას“ მადლობის სიგელები გადაეცა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენელებს მადლობის სიგელები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

გიორგი შენგელიამ ექიმებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა აღნიშნა, რომ მათი შრომის გარეშე აღნიშნული პროგრამა წარმატებული ვერ გახდებოდა.

ამასთანავე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად დაწყებულ ახალ კამპანიას „შენ C” შეუერთდა.

კამპანიის მიზანია, თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი