ზუგდიდში ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი შეიქმნა

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი პროექტის ,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს, რომელიც ინოვაციური სერვისის დანერგვას ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტის გამგეობა არაკომერციულ ორგანიზაცია PIN-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენენ, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური და ეკონომიკური საშუალება, მოიწესრიგონ საცხოვრებელი გარემო-პირობები და ჰიგიენა.

პროექტისთვის 30 ბენეფიციარი შეირჩა, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ამ პროექტში ჩართვას.

შეძენილ იქნა სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც აღჭურვილია სარეცხი მანქანით, წყლის ავზითა და ყველა საჭირო ინსტრუმენტით.

სერვისის დასანერგად ჩამოყალიბდა სამედიცინო მუშაკით, დამლაგებლით, მძღოლითა და ახალგაზრდა მოხალისეებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი, რომლებიც წინასწარ შერჩეულ მარტოხელა ბენეფიციარებს ადგილზე მისვლით მოუწესრიგებენ საცხოვრებელ გარემოს, კარ-მიდამოს, იზრუნებენ მათ ჯანმრთელობასა და ჰიგიენური ნორმების დაცვაზე.

7 თვიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში“(People In Need) პროექტის ფარგლებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების 2017 წლის პროგრამით ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა“.

“ეს გამგეობის კიდევ ერთი ინოვაციური პროექტია, რომელიც მარტოხელა ხანდაზმულებზეა ორიენტირებული. მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ მსგავს პროექტებს მომავალშიც განვახორციელებთ“, – აღნიშნა პრეზენტაციაზე ზუგდიდის გამგებელმა ლაშა გოგიამ.

პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს საკვებით რესტორანი ,,ბერმუხა“, საჭირო მედიკამენტებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა უზრუნველყოფენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი