სალომე ზურაბიშვილი არც ლიდერია, არც ლიდერული თვისებები აქვს – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არც ლიდერია, არც ლიდერული თვისებები გააჩნია და შესაბამისად, ის ოპოზიციის გამაერთიანებელი ვერ იქნება.

„სალომე ზურაბიშვილი როგორც ჩვენთვის არ არის საინტერესო, ისე იმ რადიკალური დაჯგუფებისთვის. ის მათთვის საინტერესო იყო მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა. ზურაბიშვილი არც ლიდერია, არ ლიდერული თვისებები აქვს, შესაბამისად, ის ვერ იქნება ამ რადიკალური დაჯგუფების გამაერთიანებელი ან წარმომადგენელი. პირდაპირ რომ ვთქვათ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაერთიანებულები იქნებიან თუ დაშლილები. როდესაც შენ ქვეყნის წინააღმდეგ დგამ ნაბიჯებს, ხარ აგენტი, ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესებს, ამ ქვეყანაში არანაირი მომავალი არ გაგაჩნია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას საერთო პლატფორმის ირგვლივ, თბილისის მერი პასუხობს, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც სხვადასხვა წარმომადგენლისგან შედგებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს არის ერთი ხელით მართული აგენტურა. შეიძლება დღეს სხვადასხვა სახელები დაირქვან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ერთ რამეს ემსახურებიან – გარე ძალებს. ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს, როგორც გაერთიანებულებს, ისე დაშლილებს, არანაირი პერსპექტივა და მომავალი არ გააჩნიათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს გუშინ მიმართა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი