საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში ყველა მხრივ უკვე სუფევს სრულიად განუკითხაობა.
„ვხედავთ, სასამართლოში რა ხდება და რანაირი სასამართლოა დღეს საქართველოში, რომელიც აღარ ექვემდებარება არცერთ სტანდარტს, გარდა იმისა, რომ ასრულებს – და ბოლომდე ასრულებს – ძალაუფლების ყველა მითითებას. ამას ემატება, რაც დღეს გავიგეთ, რა პირობებია ციხეში შექმნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს არიან მსხვერპლი ამ ძალაუფლების, ამ რეჟიმის. გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია დღეს არის საგანგაშო. მიუღებელია, რომ არ იყოს დაცული ციხეში ის ელემენტარული ფორმები, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება ოდნავ მაინც დემოკრატიის სტანდარტებად. ჩვენ აქ აღარ ვართ, ზღვარგადასულია ის, რაც ხდება, როგორ უსწორდებიან თვით საკანში ადამიანს, რომელიც იქ იხდის სასჯელს და შემდეგ როგორ გადაჰყავთ კლინიკაში, როცა უნდათ, როგორც უნდათ, გაუფრთხილებლად, ისე, რომ არანაირი ახსნა-განმარტება ან საჯაროობა ამის მიმართ არ არსებობს. ეს არის დარღვევა ადამიანის ყველა უფლებების. არ ვიცი, სად არის სახალხო დამცველი, რამდენად მოახდინა რეაგირება ამ ყველაფერზე, ალბათ აღარც, რადგან ეს ინსტიტუციაც უკვე აღარ ასრულებს ბოლომდე თავის მოვალეობას. დაუცველობა არის ის, რაც სუფევს ამ ქვეყანაში. მინდა, ყველას გავახსენო ის ფაქტი, რომ სწორედ ამ უსასტიკესი მოქმედებების გამო და ციხეებში ამ უსამართლო მოქცევის გამო, სწორედ ამით და ამის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ბოლომდე იქნება მათი, ვინც არა მხოლოდ ბრძანებებს იძლევა, არამედ ასევე მათი, ვინც ასრულებს ამ ბრძანებებს განუკითხავად და მზად არის, რომ უსასტიკეს ქცევაში მიიღოს მონაწილეობა. ეს არ არის საქართველო, ქართული ტრადიციები, ეს არ არის ის სამართალი, რომელსაც ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვაშენებდით და რომელსაც მივყვებოდით. ეს არის სხვა რეჟიმი, ეს არის უკვე სხვა ქვეყანა და ამას არ შევეგუებით არცერთ წუთს. დროა, საზოგადოებამ, ვრცელმა საზოგადოებამ დაინახოს ის, რაც ხდება, სხვაგან არ იყურებოდეს, რადგან ეს ის არის, რაც ჩვენ ყველას გვეხება დღეს და ხვალ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.