დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით გარკვეულ ძალებს სურთ დააპირისპირონ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა:
,,ასევე ცრუ ბრალდებების გამავრცელებლებს უნდათ, რომ დამაპირისპირონ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან. სამეგრელოში წამოსვლისას უამრავი ადამიანი და ახლობელი მირეკავდა კითხვით, ნუთუ შენ დაწერე ის, რასაც ავრცელებენო? არა, მე მსგავსი არაფერი არ დამიწერია, ეს კიდევ ერთი ცრუ ცნობაა . მე რომ არ დამიწერია, შემიძლია დავამტკიცო იმით, რომ იმ პერიოდში, როცა ამის დაწერას მაბრალებენ, საფრანგეთის დესპანი ვიყავი და ვინც იცის დიპლომატიის წესები, მისთვის ნათელია, რომ ამ დროს, მე არ მქონდა უფლება რამე დამეწერა რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკის შესახებ.ეს რომ გამეკეთებინა , მერწმუნეთ, არ ვიქნებოდი ამ ქვეყანაში საფრანგეთის მიერ ელჩად დანიშნული. მე, არასდროს ვყოფილვარ არც ერთ ქვეყანაში გადატრიალების მომხრე. მაშინ, როდესაც იპოდრომზე გამოვედი და შემდგომ ქუჩაში, 100 დღე თქვენთან ერთად ვიდექი, შეგიძლიათ ამ პერიოდიდან ამოიღოთ ფირები და ნახავთ, რომ ჩემი ლოზუნგი იყო არა გადატრიალებას და არა გარიგებას. ქვეყნისთვის და მეტადრე ასეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, გადატრიალებასა და ერთმანეთთან დაპირისპირებას კარგი არაფერი მოაქვს. კითხვაზე, თუ რას ვფიქრობ ზვიად გამსახურდიაზე, ერთადერთი რამ უნდა ვთქვა და გავიმეორო, რომ ის პრეზიდენტი, რომელმაც აიღო თავის თავზე რეფერენდუმის ორგანიზება, პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ჩემთვის ყოველთვის იქნება პატივსაცემი“ – განაცხადა ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.