დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 21.2%-ით გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური განცხადებას ავრცელებს:

“2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 411.7 ლარით, ხოლო კაცების – 2 123.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 258.0 ლარი (22.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 355.3 ლარი (20.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2022 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 313.2 ლარით (19.6%) გაიზარდა და 1911.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 773.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 64.7 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 959.1 ლარი, გაიზარდა 18.3 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება. 2022 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 272.4 ლარით (21.8%) გაიზარდა და 1 523.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი“, – ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი