ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც შეიძლება მეტად გართულდეს – მინისტრი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მიმდინარეობს მანიპულაციური ხასიათის კამპანია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ და ასევე, მიზნად ისახავს საქართველოს იმიჯის შელახვას.

ცენტრი „ემპათია“ როგორც მოგეხსენებათ ატარებდა ექსპერტიზას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად და ამ მიზნით ჩვენ მივეცით მათ საშუალება, რომ ჩამოსულიყვნენ, მათ შორის, უცხოელი ექსპერტებიც, რომლებიც ჩაუტარებდნენ შესაბამის კვლევებს და შემდგომში დადებდნენ დასკვნას. სწორედ ამ პერიოდშია გადაღებული ფოტო, ეს არის ექსპერტის მიერ გადაღებული ფოტო, რომელიც ჩვენგან სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო გამოქვეყნდა.

ასევე, ჩვენ ვიხილეთ საუბარი, რომელიც ვითომდა სასწაულებრივი გზებით იქნა მოპოვებული სანდო წყაროსგან და რომელიც შემდგომში გავრცელდა, ეს იყო ასევე საუბარი ექსპერტთან და მსჯავრდებული სააკაშვილი საუბრობდა იმის შესახებ, რომ თითქოს და იგი აწამეს. ანუ ჩვენ ვაკვირდებით შემდეგ პროცესს – შეგნებულად ხდება დასკვნიდან ცალკეული მომენტების ამოღება და გამოქვეყნება და საბოლოო ჯამში სურათის იმგვარად თავიდან ბოლომდე წარმოდგენა, რომ თითქოს სახელმწიფო არის მწამებელი და ცდილობენ, რომ სახელმწიფოსგან ჩამოყალიბდეს მტრის ხატი.

“ბუნებრივია, ამ ყველაფერს ჩვენ ვერ დავუშვებთ, რადგან ჩვენ გვაქვს განსხვავებულ რეალობასთან საქმე. სახელმწიფომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლების უზრუნველსაყოფად ყველაფერი გააკეთა, დაწყებული ჯანმრთელობის უფლებიდან, დასრულებული ყველა სხვა უფლებით, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში ასევე, ვიხილეთ სამართალდამცავებისთვის ხელშეშლა, თანამშრომლების შეურაცხყოფის მიყენება, მათ შორის, სასამართლო პროცესის ხელშეშლაც, როდესაც „ვივამედში“ შესული იყო პროკურორი, კონკრეტულად, უკანონოდ საზღვრის კვეთის საქმესთან დაკავშირებით და მსჯავრდებულმა გააკეთა ყველაფერი, რომ ეს პროცესი არ ჩატარებულიყო, რადგან ეს არ შედიოდა მათ ინტერესებში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი ეს არის მანიპულაციური ხასიათის კამპანია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ და ასევე, მიზნად ისახავს საქართველოს იმიჯის შელახვას. არ უნდა დაგვავიწყდს ჩვენ რა პროცესშიც ვიმყოფებით ახლა, ეს არის ევროინტეგრაციის პროცესი და მაშინ, როცა ყველა უნდა ცდილობდეს, რომ ქვეყანა წარმოაჩინოს საუკეთესო კუთხით, ჩვენ ვხედავთ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სურათის იმგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები და თითქოს და ვინმეს აწამებენ, რაც არის ყოვლად დაუშვებელი და ბუნებრივია, ჩვენ ამ ყველაფერს დავუპირისპირებთ შესაბამის მოქმედებებს.

აქვე ვიტყვი, რომ ნათელი იყო თვითდაზიანების რეჟიმი უშუალოდ მსჯავრდებულ სააკაშვილის მხრიდან და ამის ყველაზე მარტივი დასტური არის თუნდაც ის, რომ ამ ადამიანმა გამოაცხადა შიმშილობა თავდაპირველად, შემდეგ გადავიყვანეთ საავადმყოფოში და როდესაც დაბრუნდა კიდევ იყო შიმშილობის ხანმოკლე ეპიზოდი და მე-12 დაწესებულებაში, როდესაც მას ჰქონდა დანიშნული შესაბამისი მკურნალობა ის იკვებებოდა შერჩევით და ასევე, იღებდა მედიკამენტებსაც შერჩევით. რა არის ეს ყველაფერი, თუ არა თვითდაზიანების მცდელობა?! შემდგომში ისევ მისი ქცევიდან გამომდინარე რისკების გამო, რომ მას შესაძლებელი იყო გართულებოდა ჯანმრთელობა, როდესაც არ იღებ ექიმის დანიშნულ მედიკამენტს, არ იკვებები სათანადოდ, არ გადიხარ სასეირნოდ და ყველაფერს აკეთებ, რომ რაიმე ფორმით მოიპოვო თავისუფლება, ჩვენ შევთავაზეთ, რომ გადასულიყო კლინიკა „ვივამედში“ და ამის სანაცვლოდაც მივიღეთ წინაპირობები, რომელსაც მკურნალობასთან საერთო არაფერი არ ჰქონდა.

ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას იმისთვის, რომ ჯანმრთელობის მდგომაროება რაც შეიძლება მეტად გართულდეს, რის სანაცვლოდაც უნდა იქნეს მოპოვებული თავისუფლება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი