დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის დარბაზში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებზე დაყრდნობით პროექტის – „აღადგინე ისტორია შსს არქივთან ერთად!“ პრეზენტაცია გამართა.
პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო შსს არქივის სპეციალური გამოშვება – ,,არქივის კვალდაკვალ-ზუგდიდი“, რომელშიც ასახული არქივში არსებული მასალების მცირე ნაწილი ეხებოდა ზუგდიდის რაიონს. კერძოდ, კრებულში თავმოყრილი გასულ საუკუნეში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი შემდეგი დოკუმენტაცია: ზუგდიდის მაზრის მონაწილეობა 1924 წლის აჯანყებაში, გასაბჭოებიდან ერთი წლის თავზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა და ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები, სპეცოპერაციის დროს, ერთ ღამეში გადასახლებულ ზუგდიდელთა გვარ-სახელები.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო შსს არქივში დაცული მასალების საფუძველზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები: ,,სარია ლაკობა“, ,,წართმეული პირველობა“ და ,,ზვიად გამსახურდიას წერილი ალექსი ინაურს“.
გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში კინოჩვენებასთან ერთად ბანერებისა და სხვა ილუსტრირებული მასალის გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებას შს სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე მოსამართლეები, ლექტორები, მასწავლებლები, სტუდენტები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.