ბათუმსა და მესტიაში ინდურ ფილმს გადაიღებენ

პროდიუსერი ძმები აბას და მუსტან ბურმავალები საქართველოში ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინდოელი პროდიუსერები საქართველოში 65 დღის განმავლობაში რომანტიული ტრილერის “Machine” გადაღებებს განახორციელებენ და უკვე აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ საპროდუსერო და სარეკლამო კომპანიასთან „ბეთერფლაი“.

საქართველოში არა მხოლოდ გარკვეული ეპიზოდების, არამედ ფილმის სრული მოცულობით გადაღება იგეგმება. კინოოპერატორთა ობიექტივში ძირითადად ბათუმი და მესტია მოექცევა.

„გვქონდა გასვლითი საპრომოციო აქტივობები როგორც ამერიკის, ასევე ინდოეთის ბაზარზე. ამის შედეგია, რომ უკვე სამი კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული სხვადასხვა კინომწარმოებლებთან საქართველოში ფილმის გადაღებებზე, მათ შორის არიან ცნობილი ინდოელი პროდიუსერებიც, რომლებმაც დღეს შეხვედრა გამართეს მინისტრთან. ისინი საკმაოდ დიდ ბიუჯეტიან ფილმს იღებენ საქართველოში. გადაღებები იქნება ძირითადად რეგიონებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა იხარჯება საქართველოში“, – განაცხადა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ანი კვარაცხელიამ.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, უკვე შემოსულია 3 განაცხადი. შესაბამისად, აღნიშნულ ინდური ფილმის გადაღებებს მოყვება ამერიკული და ქართულ-გერმანული პროდუქციები.

2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი