მეორე მოსმენაზე ჩავარდება, გიდასტურებთ – მდინარაძე “რუსულ” კანონპროექტზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ.

„რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, რომელზეც უკვე ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ დაისვა კითხვები, შემიძლია, გითხრათ, უკვე რა მოხდა და როგორ გაგრძელდება პროცესები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ერთ კანონპროექტზე, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, იმის შესახებ, რომ ის არის უკვე გამოწვეული.

რაც შეეხება მეორე საკითხს, შეიძლება, ეს გარკვეული ფორმალობაც იყოს, მაგრამ იმისთვის, რომ ყოფილიყო ფორმალიზება, მიწერილია წერილი მათივე მხრიდან, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით არის მიღებული, და მისი გამოწვევის გზებს, როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ და გიდასტურებთ, რომ ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, აღნიშნული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აქცია მოყვა, სადაც რამდენიმე პირი დაშავდა. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ რუსთაველის გამზირზე და სკანდირებდნენ – “არა რუსულ კანონს”. პოლიციამ რამდენიმე მათგანი, უწყების ინფორმაციით, დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი