ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს, გიორგი ცინდელიანსა და როლანდ აფრასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ორივე ბრალდებულის უფლებადამცველები მათთვის სხვადასხვა ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
დაკავეულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.
როლანდ აფრასიძეს ბრალი 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლით, ხოლო გიორგი ცინდელიანს სს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.
გამოძიების ინფორმაციით, 1 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გ.ც-ს და გ.პ.-ს წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ რ.ა.-სთან და გ.ა.-სთან. კონფლიქტის დროს, გ.ც.-მ , განზრახ მოკვლის მიზნით თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა გ.ა.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. იმავდროულად, რ.ა.-მ თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე განახორციელა გასროლა გ.პ.-სა და რ.პ.-ს მიმართ, რის შედეგადაც გ.პ. გარდაიცვალა, ხოლო რ.პ.- მ სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანება მიიღო.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 იანვარს დააკავეს. გ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ხოლო რ.ა.-ს 108-ე მუხლითა და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.