რუსეთში ხობელი მზარეული მოკლეს

რუსეთში მოკლული შეფ-მზარეული სოსო ბერაიაა. “კურიერმა” გაარკვია, რომ ის ხობის რაიონიდან იყო. როგორც თანასოფლელები და ოჯახის წევრები აცხადებენ, მამაკაცი წლებია მეუღლესთან ერთად რუსეთში ცხოვრობს და სხვადასხვა რესტორანში მუშაობს. რაც შეეხება მომხდარს, მოკლულის ახლობლებისთვის დეტალები უცნობია. ელოდებიან მამაკაცის ჩამოსვენებას და მისი მეუღლის ჩამოსვლას.

შეფმზარეული 36 წლის ქალმა თანამშრომელმა დანით მოკლა. გავრცელდა მკვლელობის ამსახველი კადრებიც. მასალაში ჩანს, რომ მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღვის, თუმცა რაზე კამათობენ, უცნობია. დამნაშავე, არსებული ინფორმაციით, ტაჯიკეთის მოქალაქეა, ქალმა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მომხდარიდან მალევე დააკავა.

“ნამდვილად არ იყო სიკვდილის ღირსი. დამნაშავე თუ იყო, სხვანაირად რომ ყოფილიყო შეიძლებოდა… მაგრამ მოხდა ასეთი ამბავი და მოგვიკლეს ძალიან კარგი ადამიანი. [მკვლელობაში ბრალდებული] თანამშრომელი იყო, ერთად მუშაობდნენ რესტორანში, მოხდა რაღაც კინკლაობა, ამ კინკლაობას აჰყვა ის ქალი და ჩაარტყა დანა, სასიკვდილოდ გაიმეტა,” – აცხადებს მოკლულის ნათესავი ფრიდონ ბერაია “კურიერთან” საუბრისას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი