სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ნიადაგის მომზადება საქართველოში ომის დასაწყებად – პრემიერი

პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში გადატრიალების მიზნით ჩამოვიდა, თუმცა არ გამოუვიდა.

“უკანონოდ შემოსული და შემოპარული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ე.წ. მეორე რევოლუციის მოხდენა, მისი მიამიტური გათვლებით. აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლისღვრა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, როცა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, საუბრები უკვე დაწყებული იყო და ჩვენ სხვა ინფორმაციებიც გაგვაჩნდა ჩვენი პარტნიორებისგანაც, რომ მოსალოდნელი უყო უკრაინაში ომის დაწყება ნოემბერში, ან დეკემბერში, რომელმაც რამდენიმე თვით გადაიწია რუსეთ-დასავლეთს შორის მიმდინარე კომუნიკაციის გამო. ეს პერიოდი პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის შემოსვლას და მის განზრახვას, რომ მოეხდინა ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და რევოლუცია. ამას თუ დავუკავშირებთ რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, მათ ქმედებებს, რომ მათი ამოცანა იყო სწორედ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა, ვფიქრობ, არცერთ გონიერ ადამიანს კითხვა აღარ დარჩება, რომ დიახ, სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ საქართველოში ომი დაწყებულიყო. რა თქმა უნდა, ეს გეგმა ჩაუვარდა, ჩვენმა შიდა და გარე მტრებმა წააგეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი