საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა – “გამჭვირვალობა საქართველო”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კვლევას აქვეყნებს სათაურით – „მედიაგარემო 3 მაისიდან 3 მაისამდე: უკუსვლის ქრონოლოგია“. კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე (03.05.2022-03.05.2023) მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა, მაგალითად, ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მნიშვნელოვნად გაუარესდა და მე–60 ადგილიდან საქართველომ 89-ე ადგილზე გადაინაცვლა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ცნობით, ავტორიტეტული ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩის“ 2023 წლის ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებაა ხაზგასმული. ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ სპეციალური რეზოლუციაც მიიღო, სადაც ხაზგასმულია, რომ კონსოლიდირებული დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის გამოხატვის თავისუფლება და ის, თუ რამდენად დაცულად გრძნობენ თავს ჟურნალისტები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სისტემატურად ეხმიანება მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას. გამოვყოფთ რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიაგარემოს სისტემურ გაუარესებაზე მიანიშნებს და დამახასიათებელია კლეპტოკრატიული მმართველობისთვის.

მედიამენეჯერის დაპატიმრება – 2022 წლის 16 მაისს ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებელს და დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ შეაფასა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არაერთგზის კრიტიკულად გამოეხმაურნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოხვდა 2023 წლის „ჰუმან რაითს ვოთჩის“ ანგარიშში, ხოლო „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. დაპატიმრებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 11-მა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადაედგა ნაბიჯი ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის. მათ მიერ 2023 წლის 20 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გვარამიას პატიმრობაში დარჩენა აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და “ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ამაზე მიანიშნებს”. პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას დაპატიმრებას გამოეხმაურა აშშ-ს ჰელსინკის კომისია.

ძალადობა ჟურნალისტებზე და არასათანადო გამოძიებები – საქართველოში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები კვლავ მოექცა საერთაშორისო ორგანიზაციების ფოკუსში. სიტუაციას ამძიმებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება და ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ამ დრომდე არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისის აქციის ორგანიზატორები, რა დროსაც მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ძალადობრივი მოვლენებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დღემდე იცავს.

დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე ფარული მიყურადების ათობით საქმე. სისტემურია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლისა და თვითცენზურის გაძლიერების პრაქტიკა. საფრთხეები განსაკუთრებით იზრდება კრიზისების პერიოდში. მაგალითად, 2023 წლის მარტში რუსული კანონის განხილვისა და ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლის და სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევები. ამავე აქციებზე დააკავეს „პუბლიკას“ დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე ხასიათის მტკიცებულება ჟურნალისტების მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, სასამართლომ ორივე მათგანი 2200-2200 ლარით დააჯარიმა.

2023 წლის 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. საგამოძიებო სამსახურებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება და ჟურნალისტური საქმიანობა უფრო და უფრო საშიში ხდება.

„სახეზეა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის მიზანია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის ინფორმაციის მოპოვების პროცესში ხელოვნური ბარიერების შექმნა, ჟურნალისტის პროფესიის დისკრედიტაცია და მედიისადმი ნდობის შესუსტება.

მედიაგარემოს გაჯანსაღება პირდაპირ კავშირშია მმართველი გუნდის პოლიტიკურ ნებასთან. ამისთვის, პირველ რიგში, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული მედიამენეჯერი ნიკა გვარამია. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები: გახდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, ეფექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და დასაჯოს დამნაშავეები, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა მედიის წინააღმდეგ, სახელმწიფო მოხელეებმა კი მოხსნან ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის უფრო ვრცლად ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი