10 მოზარდი უკრაინულ მხარეს გადაეცემა – პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე და შსს მინისტრის მოადგილე ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელს და საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ. ინფორმაციას საგამოძიებო უწყებაში ავრცელებს.

„უკრაინულმა მხარემ იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვის გადაცემა ითხოვა და გამოხატა მზადყოფნა, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები პასუხისმგებლობას აიღებენ ბავშვების მეურვეობაზე და მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ.

აღნიშნული გარანტიების მიღების შემდეგ ქართულმა მხარემ იხელმძღვანელა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით და მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის თაობაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იულია სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას თქმით, ბავშვები უკრაინაში რამდენიმე საათში იქნებიან.

2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.

საავადმყოფოში ერთი შეუსაბამობა ყველასთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქალი ირწმუნებოდა, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი ამბობდა, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არ არის.

შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 11 ბავშვით შევიდა, საქართველოში კი 10 მცირეწლოვნით ჩამოფრინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე ბავშვს ინტერპოლით ეძებს. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ უკრაინელს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი