ოპოზიციონერი გიორგი ბარამძე დააკავეს. შესაბამისი განცხადება, გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.
ამირან გულუაშვილის თქმით, ბრამიძის განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება.
„გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას.
გიორგი ბარამიძის განცხადებით, შეილახა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და იმიჯი, აგრეთვე შეიქმნა სამართლებრივი და პოლიტიკური რისკები საერთაშორისო ინსტანციებში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის და იურიდიული პროცედურების გაძლიერებისა და გამოყენებისათვის. მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება.
ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას”, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე.
როგორც გულუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავა. მისივე თქმით, აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

