დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 21 მაისს ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ პროექტს – „აღადგინე ისტორია შსს არქივთან ერთად!“
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შსს არქივის სპეციალური გამოშვება – ,,არქივის კვალდაკვალ-ზუგდიდი“, სადაც ასახულია არქივში არსებული მასალების მცირე ნაწილი, რომლებიც ეხება ზუგდიდის რაიონს. კერძოდ, კრებულში თავმოყრილია გასულ საუკუნეში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი შემდეგი დოკუმენტაცია:
ზუგდიდის მაზრის მონაწილეობა 1924 წლის აჯანყებაში;
გასაბჭოებიდან ერთი წლის თავზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა;
1937-1938 წლებში რეპრესირებულთა და ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები;
სპეცოპერაციის დროს, ერთ ღამეში გადასახლებულ ზუგდიდელთა გვარ-სახელები.
კრებულში თავმოყრილი საინტერესო მასალები, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს დაუმახინჯებლად, პირველწყაროდან მიაწვდის ფაქტობრივ მონაცემებს მათი კუთხის უახლესი ისტორიის შესახებ.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შსს არქივში დაცული მასალების საფუძველზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები: ,,სარია ლაკობა“, ,,წართმეული პირველობა“ და ,,ზვიად გამსახურდიას წერილი ალექსი ინაურს“.
გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში კინოჩვენებასთან ერთად მოეწყობა გამოფენა ბანერებისა და სხვა ილუსტრირებული მასალის სახით.