25 ივნისს სენაკში მარულა გაიმართება

25 ივნისს სენაკის იპოდრომზე  საცხენოსნო შეჯიბრი „მარულა 2016“ ჩატარდება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიებაში მონაწილეობას ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან მიიღებენ.

25 ივნისს, 12-დან 15 საათამდე, სენაკის იპოდრომზე, საცხენოსნო შეჯიბრებები ისეთ ტრადიციულ სახეობებში გაიმართება, როგორიცაა: მარულა, ცხენბურთი, კონკური და ისინდი. საცხენოსნო სანახაობების პარალელურად სენაკის იპოდრომზე ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი გაიმართება.

„ღონისძიება სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება. გასული საუკუნის დასაწყისში მარულა სამეგრელოსა და აფხაზეთში ტრადიციული და პოპულარული საცხენოსნო შეჯიბრი იყო. მარულასთვის საგანგებოდ მომზადებული ცხენები გამოჰყავდათ. შეჯიბრში მოზრდილებთან ერთად მონაწილეობდნენ ბავშვებიც.

ღონისძიების დაწყებამდე მოხდება იქვე განთავსებული ფაცხების დათვალიერება და მეგრული კერძების დაგემოვნება. პარალელურად ხალხური ანსამბლები შეასრულებენ მეგრულ ფოლკლორულ სიმღერებს. ასევე გაიმართება რეწვის ნიმუშების და სოფლის პროდუქტების გამოფენა, საცხენოსნო ტრადიციის აღდგენასთან დაკავშირებით სიმბოლურად დაირგვება მრავალწლიანი ხეები“ – ნათქვამია გავრ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცახადებაში.

სამეგრელოში საცხენოსნო კლუბებს მდიდარი წარსული და დიდი ისტორია გააჩნიათ. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, 1927 წელს ქ. ცხაკაიაში (სენაკი) პირველად ჩატარდა დღესასწაული საცხენოსნო სპორტის სახეობებში: ისინდი, თარჩია, ცხენბურთი, ჩერეზი, მოქნევა, მარულა, ყაბახი, კონკური და სხვა. 1929 წელს გაიმართა ცხენოსნური გადარბენა ქობულეთიდან ცხაკაიაში. 1937 წელს მოეწყო ცხენოსნური გადარბენა აფხაზეთის, სამეგრელოს, ქუთაისის, ცხინვალის, სიღნაღის, ბორჯომის და სხვა რაიონების ცხენოსანთა მონაწილეობით. ცხენოსნურ სპორტში შემდგომ წლებშიც სისტემატურად ეწყობოდა შეჯიბრებები.  სენაკის იპოდრომი ათწლეულების მანძილზე მასპინძლობდა მასშტაბურ საცხენოსნო შეჯიბრებებს. 1992-1993 წლების მოვლენების შედეგად მთლიანად განადგურდა სენაკის იპოდრომის ინფრასტრუქტურა.

ცხენოსნობის სხვადსხვა სახეობებში სამეგრელოს არაერთი წარმომადგენელი ჰყავდა, როგორც საქრთველოს ასევე საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. მათ შორის იყვნენ ქალბატონებიც, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო ზუგდიდელი თამარ ჭითანავა, ხოლო საქართველოს ჩემპიონი დარიკო ლაგვილავა.

„მარულა 2016“-ის ორგანიზატორები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა არიან.

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: სპორტული რადიო „JAKO“, რადიო „ათინათი“, საინფორმაციო სააგენტოები  Newsportal.ge, ipress.ge, smo.ge,

კომენტარები

დატოვე კომენტარი