4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე დაკავებულთაგან პატიმრობიდან კიდევ რვა პირი გათავისუფლდა. მათ ბრალი აღიარეს და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება შედგა. ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმება სამწლიანი პირობითი მსჯავრით გააფორმა.
პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა გააფორმა.
კერძოდ, დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდნენ: ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, ვახტანგ ფიცხელაური და თემურ ქურციკიძე.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი ბრალი. მათ შორისაა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული. საპროცესო შეთანხმებაზე მზაობა 22-მა პირმა გამოთქვა, საიდანაც 16 სხდომათა დარბაზიდან უკვე გათავისუფლდა, დარჩენილი ექვსი პირი კი დღის ბოლომდე გათავისუფლდება.

