საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა საკუთარი გუნდის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არა მისი გუნდის საქმიანობა მოსახლეობისთვის ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე წლით გადავადდებოდა.
„ძალიან კარგად ვიცი როგორ უჭირს ხალხს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ოჯახი, რომელიც ყოველდღური ცხოვრების ურთულეს პირობებში ზრუნავს, რათა რამენაირად იშოვოს ლუკმა-პური საკუთარი ოჯახისათვის, საკუთარი შვილებისათვის და გადაირჩინონ თავი. ეს ასეა, მაგრამ ისიც აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ არა ჩვენი ეს პოლიტიკა, ამ ხალხისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის შესაძლებლობა კიდევ ბევრი წლით გადავადდებოდა. ამის უფლებას მე არასოდეს მივცემდი ჩემს საკუთარ თავს. ვფიქრობ, რომ გუნდიც ძალიან მოტივირებული იყო ამ მიზნით მოქმედებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან.
“გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა. კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. ჯერ კიდევ 2012 წლის შემდეგ პერიოდში არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას. დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.