საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, “თუ ევროპულ არჩევანზე და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვსაუბრობთ, იქ პრემიერ-მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი”.
“ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის გასაგებია, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე და არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები. ეს არის რეალობა, რომელშიც ვდგავართ და ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს ევროპულ გზასთან ვერთიანდებით, ვმსჯელობთ და განვიხილავთ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესის დასასრული უნდა იყოს ეს, როდესაც არ ვიცით ვინ, რა პრინციპით ხსნის პრემიერ-მინისტრებს, რა პრინციპით არჩევს პრემიერ-მინისტრებს… მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს, აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის, მმართველ პარტიას ყველაზე მეტად და დაასახელონ პრემიერ-მინისტრად ის ადამიანი, რომელიც არის პარტიის ლიდერი, რომელთანაც მე მიმუშავია, როგორც პრემიერ-მინისტრთან და შემიძლია ვთქვა, რომ ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. ბიძინა ივანიშვილთან ვმუშაობდი მე როგორც მინისტრი და თანამშრომლობა ძალიან კარგი, საინტერესო და ეფექტური იყო, მაგრამ ეს მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში, ჩემი აზრით, ავნებს საქართველოს, ავნებს საქართველოს ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება, მათ შორის დაუდასტურებელი ინფორმაციისთ, მთავრობის მეთაურის პოსტზე ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები მამუკა ბახტაძე და გიორგი გახარია განიხილებიან.