პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა მამუკა ბახტაძე დაასახელა. გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” ლიდერებმა რამდენიმე წუთის წინ გაახმოვანეს.
მამუკა ბახტაძის ბიოგრაფია ასე გამოიყურება:
მამუკა ბახტაძე დაიბადა 1982 წლის 9 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს; 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნესსკოლაში MBA-ის კვალიფიკაცია მიენიჭა.
სამუშაო გამოცდილება: 2005-2006 წლებში მამუკა ბახტაძე სს „საქართველოს რკინიგზის“ პროექტების მენეჯერი გახლდათ; 2010-2012 წლებში – საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი; 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან დღემდე კი საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.