გრეგ კრავჩუკი: “გატარებული ღონისძიებები აუცილებლად შეამცირებს ფაროსანას წნეხს მცენარეულ კულტურებზე”

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, USAID/ REAP-ის მოწვეული ექსპერტი გრეგ კრავჩუკი საქართველოს სტუმრობს.  ვიზიტის ფარგლებში უცხოელმა ენტემოლოგმა აბაშის მუნიციპალიტეტში მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი მოინახულა.  სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა  და საკოორდინაციო შტაბის ორგანიზატორებმა ამერიკელ ექსპერტს  შტაბის მუშაობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, გააცნეს მავნებლის მონიტორინგის სისტემა, რომლის მიხედვითაც მონაცემები  აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და  იგეგმება წამლობა. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული  იმ სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების, მათ შორის თავად გრეგ კრავჩუკის და ქართველი მეცნიერების ჩართულობით შემუშავდა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის პოპულაცია შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. მავნებლის გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი  არ გაზრდილა.

ამერიკის წამყვანმა ენტომოლოგმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული  მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები და განაცხადა, რომ ის ორგანიზებული მიდგომა, რომელიც მას  დახვდა, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და შეამცირებს მავნებლის წნეხს სასოფლო- სამეურნეო კულტურებზე.

ვიზიტის ფარგლებში გრეგ კრავჩუკი ადგილობრივ  ფერმერებსაც შეხვდება და  დამუშავებულ ფართობებს მოინახულებს.

გრეგ კრავჩუკი საქართველოში , სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და USAID/ REAP-ის (Reap Georgia) მხარდაჭერით იმყოფება.  მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა  და სტრატეგიის შემუშავებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოში მავნებლის გავრცელების შემდეგ, 2016 წლიდან არის ჩართული.

სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების  და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით,  ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ დროისთვის თერმული ნისლის ტექნოლოგიით  შეწამლულია  200  ათასამდე ჰექტარი ცივი შესხურებით 5200 ჰექტარი, ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში. აზიური ფაროსანას სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

ივლისის შუა რიცხვებიდან წამლობა ჩატარდება სიმინდის საყანე ფართობებში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი