პრემიერ მინისტრმა, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე 240 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა:
„თითოეული ჩვენგანისთვის ემოციური დღეა – დღეს 240 ქართული ოჯახი მიიღებს ბინას, მიიღებს ადგილს, სადაც იცხოვრებს. ადგილს, საიდანაც შეძლებენ, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ იარონ ბაღებსა და სკოლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ შეგვიცვლის ჩვენს მთავარ გულის ტკივილს. დღეს არ არის მოსალოცი დღე, მოსალოცი გვექნება მაშინ, როდესაც აღდგება სამართლიანობა და ყველა დავუბრუნდებით ჩვენს ოჯახებს,“ – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დევნილ ოჯახებს, ბინების გადაცემის ცერემონიალზე.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა მშენებლობის დროულად დასრულებაში და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ახალი ბინებით კიდევ 360 ოჯახი დაკმაყოფილდება, რისთვისაც მშენებლობა უკვე დაწყებულია.
„მე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ძალიან ნაცნობია ის ტკივილი, რასაც თითოეული თქვენგანი გრძნობს. ჩემი ოჯახის წევრები არიან ოჩამჩირედან. ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული ოჩამჩირეში და კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. რა უნდა იყოს პასუხი ამ გამოწვევებზე – ამ გამოწვევებზე ჩვენი მხრიდან პასუხი უნდა იყოს ის ერთსულოვნება, ხასიათის სიმტკიცე, რაც თითოეულმა თქვენგანმა აჩვენა და დაგვანახა მომავალ თაობას. დღეს, ამ ახალ შენობაში ორ ბინას მიიღებს ბიგვავების მრავალშვილიანი ოჯახი – მათ ჰყავთ შვიდი შვილი და აი ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე. ერთსულოვნება, ხასიათის სიმტკიცე, გამრავლება და განათლება – როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს წარმატებით გავაკეთებთ, მინდა, თითოეულ თქვენგანს სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო და შევპირდე, რომ ჩვენი გულის წადილი აუცილებლად ახდება. ჩვენ დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენ გვეკუთვნის ყოფნა,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
აგრეთვე, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა „სოფლად სახლის“ პროექტის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ტემპები მნიშვნელოვნად გაზრდილია, მაინც არ არის საკმარისი და ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი ბინა უნდა ავაშენოთ და აგრეთვე, აუცილებელია, რომ უფრო მეტი მასშტაბით განვახორციელოთ „სოფლად სახლის“ პროექტი; მინდა, იმ ოჯახებს, რომლებიც ობიექტის დროულად დასრულებას ელოდებიან შევპირდე, რომ ჩვენ უმოკლეს ვადებში დავამთავრებთ მშენებარე ობიექტსაც და შემდეგი 360 ოჯახი დროულად მიიღებს ბინებს,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ბინების გადაცემის ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ზუგდიდის მერი ლაშა გოგია ესწრებოდნენ.