გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებში ცვლილება შევიდა. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კომიტეტმა გუშინ მეორე მოსმენით გაითვალისწინა მოთხოვნა და სახელწოდებებში მცირედი ცვლილება განხორციელდა.
„კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ის, რაც სესიაზეც იყო გამოთქმული დასათაურებასთან დაკავშირებით, განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროს სათაურში მეცნიერება დამატებოდა. მთავრობის პოზიცია არის, რომ დავეთანხმოთ ამ შემოთავაზებას და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასათაურებით იქნება წარმოდგენილი ახალი სამინისტროს სახელი. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაცვლად, იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ეს იქნება ახალი სახელწოდებები სამინისტროების, რომლებიც უფლებამონაცვლეები იქნებიან გაერთიანებული სამინისტროების“– განაცხადა ნათია მიქელაძემ.
შესაძლოა, საკითხი დღესვე დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით გავიდეს კენჭისყრაზე, რის შედეგაც ამ კვირაშივე პრეზიდენტს გადაეგზავნება.