“პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტყის უსისტემო ჭრამ და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ”, – განაცხადა ჭუბერში სტიქიის საიკვიდაციო სამუშაოები დათვალიერებისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ..
მთავრობის მეთაურის განმარტებით, სპეციალისტების ცნობით, სტიქია უხვმა ნალექმა გამოიწვია რისგანაც დაზღვეული არავინ არის, თუმცა მთავრობა საბოლოო დასკვნას დაელოდება.
“უხვი ნალექის შემთხვევაში კი, პასუხი უნდა იყოს რომ გვქონდეს სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომელიც საქართველოში გვაქვს მხოლოდ ორი. როდესაც დაიდება საბოლოო დასკვნა, რას უკავშირდება ეს ყველაფერი, ამის შესაბამისად მივიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებებს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ვინაიდან წყლის დონე დაწეული არ არის, საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, დაცლილია ის სახლები, რომლებსაც საფრთხე ემუქრება.
“მოსახლეობას ვეხმარებით, რომ გამოიტანონ თავიანთი ნივთები ამ სახლებიდან, მაგრამ უშუალოდ გზის კაპიტალურად შეკეთებას ვერ დავიწყებთ მანამ, ვიდრე წყლის დონე არ დაიკლებს. ახლა მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ იმას, რომ მდინარემ არ მოახდინოს გზის კიდევ უფრო გამორეცხვა. ჩვენ განვახორციელეთ იმ ადამიანების ევაკუაცია, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა. რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ უახლოესი საათების განმავლობაში. სხვა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ. ვერტმფრენი მორიგეობს, ვაკონტროლებთ 24-საათიან რეჟიმში, რომ წყლის დონის მომატების შემთხვევაში მივიღოთ დამატებითი ღონისძიებები, ამ ეტაპზე ეს რისკები არ არსებობს”, – აღნიშნა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძე, ჭუბერში მთავრობის წევრებთან ერთად ჩავიდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.