საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში ქვეყანაში ოჯახური ძალადობის ფაქტები საგრძნობლად არის გაზრდილი. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხახებაშია ნათქვამი.
“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 6 თვეში გატარებული ღონისძიებების შესახებ.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების თანმიმდევრული მოქმედებების შედეგად, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში:
გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა – 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.
რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს. დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად “მიახლოების აკრძალვის” დარღვევაში გამოიხატება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას ახორციელებს არამხოლოდ სისტემის გარეთ, არამედ თავად სისტემის შიგნითაც.
2018 წელს გენერალური ინსპექციის მიერ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 10 მოსამსახურეს. კერძოდ, ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან.
სამინისტროს შიგნით ძალადობის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონქვემდებარე აქტებში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი იარაღი ჩამოერთმევა.
დასრულდა მუშაობა რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაინერგება. რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის განმეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის და განმეორებითი ძალადობის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს.
მიმდინარე წლის ბოლომდე დაინერგება ელექტრონული სამაჯურები, რომლითაც მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის კონტროლი განხორციელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.