დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ქართული ოცნების” რიგებიდან გარიცხეს

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთაინების „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სამდივნომ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა.

შესაბამის გადაწყვეტილებას ცოტა ხნის წინ ხელი სამდივნოს ხუთივე წევრმა – გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ვოლსკიმ, საერთაშორისო მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა და რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ მოაწერეს.

„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები. „ქართული ოცნებისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დავით ჭიჭინაძე,“ – ნათქვამია სამდივნოს გადაწყვეტილებაში.

ცნობისთვის, დავით ჭიჭინაძე ბოლო პერიოდის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიმართ ხშირი საჯარო კრიტიკით გამოირჩეოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი