აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა საფლავები ზუგდიდის მერმა გვირგვინით შეამკო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან  და ადგილობრივი ხელისუფლების  სხვა წარმომადგენლებთან ერთად,  აგვისტოს ომში დაღუპულ ბადრი ბერანძისა და   დათო ჯიქიას ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკო. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერია ავრცელებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აგრეთვე ომში გმირულად დაღუპული სერგეი გოროზიას სახელობის სკვერში მემორიალი გვირგვინით შეამკეს და  საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას საფლავზე მივიდნენ.

,,10 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან,  ომიდან რომელსაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის და ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულ გმირებს შორის 3 ზუგდიდელი იყო ბადრი ბერანძე, სერგეი გოროზია და დავით ჯიქია, რომლებმაც სიცოცხლე სამშობლოს დაცვას შესწირეს. მუნიციპალიტეტის მერია დაღუპული სამხედროების ოჯახებს ყოველწლიურად 1000 ლარს ურიცხავს, ეს ის მცირედია, რომლითაც ჩვენს თანადგომას გამოვხატავთ ამ ოჯახების მიმართ. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, რომელიც 8 აგვისტოს ომს შეეწირა,  სწორედ, სამშობლოსთვის თავდადების უნარმა შეგვინარჩუნა ჩვენი ქვეყანა. ყველა ჩვენგანის ვალია გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და ავაშენოთ ძლიერი, დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ჩვენი შვილები ღირსეულ  და გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრებენ!“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი