სამეგრელოში, სტიიქის ზონაში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებს ილია ბეგიაშვილს და გიგა კაციას ელოდებიან, რომლებიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილზე ჩაერთვებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
სტიქიის შედეგებსა და ზარალის შესახებ კი “Newsportal.ge” სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ როგორც გუბერნატორის ადმინისტრაცია, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ყველა ლოკაციაზე მობილიზებულები არიან სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით.
“უხვმა ნალექმა ყველაზე მეტად სენაკის და მარტვილის მუნიციპალიტეტები დააზარალა. სენაკში ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებზე წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. პრობლემები შეიქმნა სოფელ ძველ სენაკში, ლეძაძამეში, უშაფათში, სორტაში და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. წვიმამ პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტშიც. ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატბორა ბანძაში, ჭყონში, ტალერში, აბედათში, ნაჯახაოში, დოშაყეში, ნახუნაუსა და კურძუში. უხვმა ნალექმა შიდა გზები, სანიაღვრე არხები და ხიდბოგირები დააზიანა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ასევე პრობლემები შეიქმნა ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. სტიქიის ზონაში იმყოფებიან სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, სახემწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში უკვე მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია. იმ ადგილებში, სადაც ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე მუშაობა შესაძლებელია სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებზე ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები მუშაობენ”, – განმარტავენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.