მეუფე იაკობი: “ნახავენ ჩვენს ძალას”

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ექსპორტის მიზნით საქართველოში მარიხუანას წარმოების დაწყების შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს. როგორც მეუფემ საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „გარკვეულმა პირებმა ფულის დათვლა რომ იციან, ეროვნულ უსაფრთხოებაზე იფიქრონ – როგორც ხალხზე, ასევე ტერიტორიებზე“.

 

„ამდენი წელია გაჭირვებაში ვცხოვრობთ, კიდევ გავიჭირვოთ და ეკონომიკა სხვა მხრივ განვავითაროთ. ეს ადამიანები ფიქრობდნენ ეროვნულ უსაფრთხოებაზე? ავღანეთს რა დამართა ნარკოტიკებმა ვხედავთ, იმ სამკუთხედს საერთოდ, სირიაში რა ხდება, კოლუმბიაში რა ხდება?! ან ჯარი უნდა გვყავდეს ძლიერი, სამწუხაროდ არ გვყავს. საზღვრები ვერ დაგვიცავს. გარეჯში ვიყავი, სანამ მონასტერში წავიდოდი, უდაბნოს მხარეს და ოფიციალურად ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მესაზღვრეები დგანან. ეს ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცავთ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოში მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს? მოდით, შევხედოთ ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. ფულის დათვლა რომ იციან, ეროვნულ უსაფრთხოებაზე იფიქრონ, როგორც ხალხზე, ასევე ტერიტორიებზე. როდესაც შევალთ ნატო-ში და ევროკავშირში და ძლიერი დასაყრდენი გვეყოლება, მერე შეიძლება რაღაცეებზე იფიქრო ადამიანმა. დღეს, როდესაც ასე გაჭირვებული ხარ და მარტო სიტყვას შეგვაშველებენ, არავინ იფიქროს, რომ ჩვენს გამო დიდი ქვეყნები ერთმანეთს ომს გამოუცხადებენ. როგორღაც უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არა ნარკოტიკებით. ეკლესია დიდი ხანი დუმდა, ალბათ, ბევრმა იფიქრა, რაღაც პროცესები მიმდინარეობდა და დავსუსტდით, თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი ძალა, არავის ვემუქრები, მაგრამ ნახავენ ჩვენს ძალას. ბოდიშს ვიხდი ასეთი საუბრისთვის, მაგრამ ჩემი ერის ღალატს არავის ვაპატიებ”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის ექსპორტზე გატანის მიზნით საქართველოში მარიხუანას წარმოებას ნებადართულს ხდის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი