სალომე ზურაბიშვილი: “მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად”

პრეზიდნეტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ქვეყნის პირველი პირის სტატუსისთვის იმიტომ იბრძვის, რომ რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან სამუდამოდ გაიყვანოს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ქუთაისში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ასევე მოდის პრეზიდენტად “ქაჯების დასათხოვნად, იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი და სიძულვილი ყელში ამოვიდა”.

„პირველ რიგში, მოვდივარ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად და რომ ხელახლა არავის მოუწიოს ქვეყნიდან დევნილად წასვლა, რომ აღარასოდეს აღარ დავკარგოთ ტერიტორიები და ღმერთმა იცის, რომ ამ ბოლო ორ საუკუნეში ყველა მიმართულებით დავკარგეთ ტერიტორიები. ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა და მართლაც, გვინდა ამ ტერიტორიების, ამ საზღვრების შენარჩუნება და გამთლიანება, როგორიც იყო. ასევე, მოვდივარ იმისთვის, რომ ხელახლა რუსული ჯარები გავიყვანოთ სამუდამოდ ამ ტერიტორიიდან და ამ ქვეყნიდან მშვიდობიანი გზით. მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი სიძულვილი, ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა. ჩემამდე ბევრად უფრო ლამაზად შოთა ამბობდა, რომ „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“ და ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ შეიძლება, ძალიან მალე სულს ავნოს ამდენმა სიძულვილმა, რომელიც ქვეყანაში ტრიალებს, ქმნის რაღაც შავ აურას და ამას ვხედავთ, მერე გადადის ახალგაზრდებზე. და ეს უთუოდ უნდა ავიცილოთ თავიდან და მე კი არ ვარ რაღაც სასწაული ჯოხის მომტანი, ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ თქვენ, მე, მედიამ, რომელსაც დიდი როლი აქვს ამ სიტუაციაში, რომ რაღაცნაირად გამოვასწოროთ. ცხადია, ეს იწყება ჯერ ოჯახში და მერე სკოლაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, “საქართველო ნამდვილ 21-ე საუკუნეში უნდა გადავიდეს, რადგან ჯერ კიდევ სადღაც, შუაშია გაჩხერილი“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი