ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა ზუგდიდის მერის მოვალეობის შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.
მერის მოვალეობის შემსრულებლის რანგში მაიზერ ნანავამ პირველი სამუშაო შეხვედრა მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან გამართა. მერიის პრესამსახურის ინფორმაციით შეხვედრაზე ნანავამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა და სამომავლო გეგმები დასახა.
ლაშა გოგიამ გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ, 17 სექტემბერს დაწერა. კანონის თანახმად, მერს უფლებამოსილება განცხადების დარეგისტრირებიდან მეორე დღეს უწყდება, შესაბამისად, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა დღეს გახდა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას წინააღმდეგ ქრთამის აღების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ყოფილი მერი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა და ამას დაამტკიცებს.